რა სარგებლობა მოაქვს კამათს?

"არასდროს ეკამათოთ სულელს, თქვენ დაეცემით მის დონემდე, რის შემდეგაც იგი გამოცდილებით გაგანადგურებთ" - მარკ ტვენი
ამ შესანიშნავი ამერიკელი მწერლის გამონათქვამი, თითქოს შესანიშნავად ერგება დღევანდელ რეალობას, მაგრამ რადგან დღესდღეობით სულელებიც აქტიურად იყენებენ კამათის დროს ხალხში მიღებულ ფრაზებს, ანდაც რადგან სულელებსაც აქვთ მასობრივ ინფორმაციებზე წვდომა, რთულია გაარჩიო რამდენად მაღალი ან დაბალი ინტელექტი აქვს, ამა თუ იმ, კონკრეტულ ადამიანს. მაშასადამე, რთულია არ შეეკამათო მას, ვინც აბსოლუტურ აბსურდს გიმტკიცებს.
დამტკიცებაცაა და დამტკიცებაც, სულელებს ეს ყველაფერი დემაგოგიაში გადასდით ხოლმე, რაც, დამეთანხმებით და, საშინლად აუტანელია. ამას ერთვის ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან კარგად აქვს ათვისებული "თავის კონტროლი", რაც მათ თავდაჯერებულობაზე და თავდაჭერაზე აისახება. ეს ყველაფერი კი ასმაგად აცხოველებს ადამიანს, რომელსაც არაფერი უნდა იმის მეტი, რომ ელემენტარული სიმართლე დაამტკიცოს.
და, ზუსტად, აქ იკარგება კამათის მთავარი არსი, რომლის გამოც უნდა ვიწყებდეთ კამათს და რომელიც უნდა გვახსოვდეს ნებისმიერ მომენტში კამათისას.
კამათის მთავარი არსი კი, ჩემი აზრით, მდგომარეობს იმაში, რომ ორი სხვადასხვა იდეოლოგიის ადამიანი მივიდეს ოქროს შუალედამდე, რომელსაც მეორენაირად შეგვიძლია ჭეშმარიტებაც ვუწოდოთ.
ოქროს შუალედის პოვნა და სრული ჭეშმარიტების შეცნობა, ზოგადად, შეუძლებლად მიმაჩნია, მაგრამ შესაძლებელია დღითიდღე უფრო მივუახლოვდეთ მას. ასეა კამათშიც, მასში უნდა დაიბადოს მაქსიმალურად მიახლოვებული აზრი ოქროს შუალედთან, რომელზეც საბოლოოდ ორივე მხარე შეთანხმდება. არსებობს ასეთი გამონათქვამიც - "კონსესუსით მიღწეული აზრი არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ორივე მხარე აკრიტიკებს, მაგრამ საბოლოოდ მასზე ჯერდება".
როგორც უკვე აღვნიშნე, დღესდღეობით, საკმაოდ, რთულია გაარჩიო ვისთან ღირს კამათი და ვისთან - არა, რადგან ზოგი სულელი დაზეპირებულ ფრაზებს ისვრის, რომელიც შესაძლოა რაღაც ღირებულებებს, მართლაც, ატარებდეს.
საბოლოოდ, ერთადერთი გზა იმისთვის რომ ვერ ჩაგითრიონ უსაფუძვლო კამათში არის ის, რომ, როდესაც მიხვდები ოპონენტის არაკომპეტენტურობას, უარი თქვა მასთან რაიმე სახის დიალოგზე.
და რაც მთავარია, იმის შიშით რომ ვინმემ უსაფუძვლო კამათში არ ჩაგითრიოთ, არასდროს თქვათ მასზე უარი, რადგან ორი ადამიანის მიერ ერთმანეთისთვის აზრების გაცვლა არის ყველაზე დიდი მასწავლებელი, რასაც კი შეუძლია რაიმე ღირებული ცოდნა გადმოგცეს.

Comments

Popular posts from this blog

ნაცარქექია - დადებითი თუ უარყოფითი პერსონაჟი?

მე და გაგრა

ამბავი სამ აბდალზე