მე - ფეხბურთელი
3-4 წლის ვიქნებოდი, ტელევიზორში რაღაც ჩემთვის ახალს რომ მოვკარი თვალი. მეუცნაურა, რადგან მანამდე არსად მქონდა მსგავსი რამ ნანახი. არა, ბურთით ხშირად მითამაშია მანამდე, მაგრამ მსგავსი რამ? ნამდვილად, არა. მაშინვე ვიკითხე რა არის-მეთქი, რაზეც შესაბამისი პასუხი მივიღე - ფეხბურთიო. ძალიან კი დავინტერესდი, ტრუსიკით და მაიკით, მწვანე მინდორზე რატომ დასდევდნენ ბურთს ამხელა ადამიანები, რასაც მალევე მივხვდი, რომ ამ დევნას, პასს და დარტყმას თავისი ეშხი ჰქონდა. იმ დღის მერე ბურთის გარეშე არცერთი წუთი გამიტარებია. დილას ბურთით ვიღვიძებდი, ეზოში ჩავდიოდი, ვთამაშობდი, ამოვდიოდი ვჭამდი, ჩავდიოდი ვთამაშობდი და ასე გამყავდა დრო. მეგობრები შტანგების მაგივრად კორპუსის წინ ბორდიულს და ქვას ვიყენებდით, ხარიხას კი თვალით ვზომავდით, გააჩნია სადამდე წვდებოდა მეკარე. შეიძლება გეცნოთ კიდეც სიტუაცია, რადგან ამას, ჰო, ძალიან ბევრი ბავშვი აკეთებს, იგონებს საკუთარ წესებს და ახლებსაც აკანონებს. მაგალითად, ძალიან ბევრ ბავშვს ეგონა (და, ალბათ, ჰგონიათ ბავშვებს დღესაც), რომ ხელზე მოხვედრილი ბურთის კარში დარტყმა ა...