მე და გაგრა
ესეც ჩემი პირველი ბლოგი ბლოგერების სამყაროში შებიჯების წინარედ. და თემად რა თუ არა ჩემი ფსევდონიმი ანუ - "დავით გაგრელი" და ჩემი სენტიმენტები გაგრის მიმართ?
დიახ, მეგობრებო, არ ვიცი ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერათ, მაგრამ პირადად ჩემს მაგალითს თუ დავუჯერებთ, საერთოდაც, უნახავად შემიყვარდა ჩემი ქალაქი.
არ ვიცი რისი წყალობით ან რა ძალით, მაგრამ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ძალიან მიყვარს ადგილი, რომელიც არასდროს მინახავს.
ვგრძნობ, რომ ჩემთვის იდუმალი გრძნობის უკან, რაღაც უფრო მისტიური იმალება, რამაც საბოლოოდ გადაკვეთა ჩემი და ამ პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე, ქალაქის გზები.
ასე და ამგვარად, ჩემთვის გაუგებრად და თქვენთვის უცნაურად, ერთ დღესაც გადავწყვიტე, ფსევდონიმად თქვენთვის უკვე ნაცნობი სახელი ამეღო და ამით კიდევ ერთხელ გამესვა ჩემი პოზიციისთვის ხაზი.
სულ ვფიქრობ ხოლმე, როგორი იქნება ჩემი, ადრე თუ გვიან, გაგრაში ჩასვლა და საბოლოოდ ყველა შემთხვევაში ერთ დასკვნამდე მივდივარ, რომ ეს "ჩასვლა" ჩასვლაზე მეტად "დაბრუნება" იქნება, რადგან იმ ქუჩების სუნს, რომელზეც ჯერ არ მივლია, სიზმარში ხშირად ვყნოსავ ხოლმე.
ვნახულობ ხოლმე სიზმრებს, შემდეგ ვდგები და ვიწერ იმას, რაც მათგან ჩემს გონებაში შემორჩება, მაგრამ დიდად განებივრებული ვერც ამით ვარ და იმ მიზნით ვცხოვრობ, რომ ერთხელაც გაგრაში მასპინძლის სტატუსით ჩემს მეგობრებს გულთბილად დავუხვდები.
ასე და ამგვარად, ისღა დამრჩენია, რომ ეს ყველაფერი ჩემივე პატარა ლექსით დავამთავრო:
სიზმარში თითქოს ვიხილე იგი,
მაგრამ უმალვე ადგა და გაქრა,
ალბათ, ოდესმე მომიწევს რიგი,
მოვინახულო მეც ჩემი გაგრა.

Comments
Post a Comment