When I was a boy, I had a dream
დიდი ხანია, რაც ლიტერატურამ ფურცლებიდან ეკრანებზე გადმოინაცვლა, გვერდები სქროლვამ შეცვალა, კალამი კი კლავიატურამ. დიდი ხანია მას შემდეგაც, რაც წიგნების ბეჭდვაზე მეტად მწერლები პოსტების წერამ აიტანა.
ვიფიქრე, ამ ბლოგს მაინც არ გავამხატვრულებდი, მაგრამ აბა ვის გაუგია ოცნებების დოკუმენტურობა. ოცნებები იწყება ზღაპრულად და ძირითადად Happy End-ის გარეშე სრულდება ხოლმე. ალბათ, ესაა სწორედ ოცნებების ხიბლიც, დაგტოვოს იმ პატარა ბავშვად, რომელსაც ძალიან უხაროდა ძილის წინ ზღაპრის მოსმენა. ზღაპრის, რომელშიც დევებს ჩია კაცები მახვილგონიერებით ამარცხებენ.
ეგეთ ოცნებაზე მინდა მოგიყვეთ. პატარა ბიჭის ოცნებაზე, რომელმაც დღის სინათლე ვერასდროს ნახა.
ამასწინებზე, ან იქნება საერთოდაც დღეს, ქუჩაში სკამეიკაზე ჩამომჯდარი სიგარეტის თითოეული ნაპასისთვის თითო პრობლემა რომ უნდა გამეტანა, პატარა ბიჭი მომიჯდა, ტიერი ანრის მაისური ეცვა. იმ სიცხეში გეტრები მუხლებამდე ამოეტანა, მაისურს შიგნით რეზინის სპორტული ჩაეცვა, შორტიკებში ჩაეტანიებინა და იდაყვში ამოჩრილ ბურთს გადიდებული თვალებით დაჰყურებდა.
- ვა, ანრის ფორმა? გაქვს ნანახი ანრის თამაშები? - ვეკითხები და ახალმოკიდებული სიგარეტი მარცხენა ხელში გადამაქვს, რომ ბოლმა არ შეაწუხოს.
- კი! - მპასუხობს თვალებაციმციმებული - მაგრამ თამაში არასდროს მინახავს, იუთუბში მარტო. მამიკოს უყვარს.
- მაგარი ფეხბურთელი კი იყო. შენც თამაშობ?
- ვთამაშობ, კი, მაგრამ დღეს მწვრთნელმა საერთოდ არ მავარჯიშა, დავაგვიანე საცობების გამო და გაბრაზდა. ვარჯიშებზე აგვიანებ, გადასახადს აგვიანებ, დარტყმას აგვიანებ, პასს აგვიანებ, ყველაფერს აგვიანებო.
- ვა, მაგან არ იცის, ალბათ, რომ მესიმ გაზრდა დააგვიანა, ბუფონმა პოზიციის შერჩევა, ვარდიმ კი პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთის თამაშის დაწყება - ვეუბნები ხუმრობაშეპარული ხმით.
- ბუფონი კიდევ თამაშობს? - მეკითხება ინტერესით - ეგ მგონი, პენსიამდე თამაშს აპირებს.
- მგონი აღარ, მაგრამ ახლაც ბარეორს აჯობებს - ვპასუხობ მე. ან იქნებ არც ვპასუხობ ასე და იმიტომ ვწერ, თითქოს ასე ვუპასუხე, რომ ბუფონის ფან ჩემს ძმაკაცს არ ეწყინოს, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ბუფონზე საუბარი ასე არ დასრულებულა - შენ უნდა გენახა, მაგას რა მეკარეები ეჯდა სკამზე. ერთი იყო სტორარი გვარად, ძაან მაგარი იყო, მაგრამ ჯიჯი სჯობდა.
- ვაა, მამარდასაც ჯობდა? - მეკითხება გაოცებული.
იმის გამოცნობა თუ აქ რა პასუხი გავეცი თქვენს ფანტაზიას მივანდოთ, რადგან არც ბუფონის ფანი ჩემი ძმაკაცი და არც სრულიად საქართველო არ გავანაწყენო.
ამასობაში მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის წვა ვიგრძენი და გამახსენდა, რომ სიგარეტი სულ მთლად მიმვიწყებოდა. ეს ღერი იქვე მდგარ ურნაში მოვათავსე და ახალს გავუკიდე, რის შემდეგაც ისევ ვეკითხები.
- შენ ვის "ბალეშჩიკობ"?
- ჰალანდს. შენ?
- მე ხავის, მაგრამ აღარ თამაშობს წლებია.
- ხავი ვიცი, ბარსას მწვრთნელია, მგონი.
აქ გამახსენდა ხუინ ლაპორტა და ყველა მისი ცოდვა, მაგრამ აღარ დამიწყია ამაზე საუბარი, რადგან ბიჭს მოწყენილობა დატყობოდა.
- გეწყინა მწვრთნელის შენიშვნა?
- არაა. უბრალოდ, გული მეტკინა - ძალიან ბავშვურად მიპასუხა.
გამეღიმა და გამახსენდა პატარა დათო, რომელიც ერთხელ ძირითადში არ დააყენეს იმის გამო, რომ თამაშზე ლობიანით მივიდა.
- მოდი ეგეთ რამეს გეტყვი მე შენ. შეიძლება მწვრთნელი მართალია და რაღაცებს ისე ვერ აკეთებ, როგორც უნდა აკეთებდე. შეიძლება მწვრთნელი ფიქრობს, რომ რაღაცები სწორად არ გამოგდის. ისიც შეიძლება, რომ რაღაც ოცნებებზე ოდესმე უარის თქმა მოიგიწიოს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იმ დაშვებით შეიძლება, რამდენადაც ყველაფერი სხვა შეიძლება მოხდეს. მაგალითად, შეიძლება ივარჯიშო დარტყმაზე და გუნდში საუკეთესო დამრტყმელი გახდე. შეიძლება ივარჯიშო პასის გაკეთებაზე და საუკეთესო მეპასე გახდე. შეიძლება 10 წელიწადში სიტიში ჰალანდთან ერთად ითამაშო, 12 წელიწადში მსოფლიო ჩემპიონატი კი საქართველოსთან ერთად და ყველა ის ოცნება აიხდინო, რომელიც ახლა გაქვს. საერთოდ ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამ ყველაფრიდან უმრავლესი რამე მხოლოდ შენზეა დამოკიდებული - ვეუბნებოდი პატარა თვალებგაფართოებულ ბიჭს, რომელსაც ჩემგან მზერა ერთი წუთითაც არ გადაუტანია. ვეუბნებოდი ყველაზე სევდიანი გამოცდილებით ჩემს ცხოვრებაში და მის ადგილას მხოლოდ პატარა დათოს ვამჩნევდი.
იქნებ მომეჩვენა კიდეც და ამასწინებზე, თუ საერთოდაც დღეს, გვერდზე არავინ მომჯდომია სკამეიკაზე. იქნებ აღარავივ აცმევს შვილს ტიერი ანრის ფორმას და არავის გაუბამს საუბარი ახალგაზრდა შეხედულების მქონე მოხუცთან, რომელმაც დიდი ხანია, რაც მასში არსებული ბავშვი სასაფლაოზე დატოვა. იქნება საერთოდაც ყველაფერი იმას მოასწავებს, რომ გავგიჟდი. არ ვიცი, თუმცა კარგად მახსოვს, რომ მეორე მოკიდებული ღერიც მარცხენა ხელის საჩვენებელ თითამდე ისე ჩაიწვა, რომ ერთი ნაპასიც არ დამირტყამს. "ბიჩოკი" ისევ ურნისკენ გადავამისამართე, წამოვდექი და სახლისკენ გავემართე, რადგან მუხლი ჯდომისგან უკვე ძალიან მაწუხებდა.

Comments
Post a Comment