პოლიტიკური ახლომხედველობა საქართველოში
ზედმეტად ფილოსოფიურად არ მოგეჩვენოთ, ეს ფაქტია. პოლიტიკური ახლომხედველობა არის ქართველი ხალხის სენი, პირველი ქართული სახელმწიფოდან დაწყებული, დღეის მდგომარეობით დამთავრებული. ძალიან შორეულ წარსულშიც რომ არ გადავეშვათ, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებს დავხედოთ, როდესაც ქართველი მეფეები ერთმანეთში კინკლაობდნენ, არცერთი თმობდა ტახტს მეორის სასარგებლოდ, რასაც საბოლოოდ საქართველოს გაერთიანების იდეა შეეწირა. საბოლოოდ კი, საქართველომ, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის იმპერიის ქვეშ მოახერხა გაერთიანება, როდესაც რუსულმა მანქანამ ჯერ ნაკუწებად/სამთავროებად დაშალა ქართული სახელმწიფოები, ბოლოს კი, ყველა როდესაც დაიპყრო, გააერთიანა.
ქართველებს კოლექტიური აზროვნება ძალდატანების გარეშე გვიჭირს, ამის ნათელი მაგალითია ზუსტად ეს და ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ქართულმა სახელმწიფომ, მხოლოდ, ისეთი მეფეების დროს ნახა აღმავლობა (გორგასალი, აღმაშენებელი, თამარი, გიორგი V), რომლებსაც ძალის გამოყენება დასჭირდათ ურჩი თავადების დასამორჩილებლად. დღეს ოთხივე მათგანი წმინდანია, ოთხივე მეფე, რომელმაც შეძლო ქართველებისთვის კოლექტიური აზროვნება დაეძალებინა და ჩამოეყალიბებინა ერთიანი ქართული სახელმწიფო. მათ ჰქონდათ, სწორი პოლიტიკური ხედვა, რასაც თან ახლდა ძალაც და ჭკუაც, მათ რომელიმე რომ დაკლებოდათ და იგივე პოლიტიკა გაეტარებინათ, ისეთივე რიგითი ბაგრატიონები გახდებოდნენ, როგორებიც სხვები იყვნენ - პოლიტიკურად ახლომხედველები.
რა არის პოლიტიკურად ახლომხედველი?
პოლიტიკურად ახლომხედველი არის კაცი, რომლის სურვილიც შეიძლება აბსოლუტურად წმინდა იდეას - ამ შემთხვევაში, ერთიანი და ძლიერი საქართველოს მშებენლობას - ემსახურება, მაგრამ მისი აქამდე მისასვლელი გზები, მხოლოდ, მისი დახაზულია. მას ჰგონია, რომ სხვა ყველა ცდება, რომ სხვა ყველა დამნაშავეა სახელმწიფოს წინაშე, სხვა ყველა ტყუის, სხვას ყველას სამშობლოს დაქცევა უნდა.
არადა, მეგობრებო, კარგი ქვეყანა, ჩემი აზრით, კოალიციური მთავრობით უნდა ყალიბდებოდეს.
პოლიტიკური ახლომხედველობა დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნათლად იჩენს თავს. პრინციპში, თავს იჩენს კი არა, პოლიტიკურ ახლომხედველობაზეა ჩვენი 28 წლიანი დამოუკიდებლობის ისტორია აგებული. პოლიტიკურმა ახლომხედველობამ მოგვიკლა მერაბი, მოგვიკლა ზვიადი. პოლიტიკურმა ახლომხედველობამ დაიწყო პუტჩი და დროებით დაგვაკარგვინა აფხაზეთი. ნუ, მოკლედ, ყველაფერი ამ სენის ბრალია, რაც კი რამ ცუდი მომხდარა.
დღესაც რა პარტიაც არ უნდა იმარჯვებდეს არჩევნებში, მათი მთავრობაში მოსვლა ღირებულს ვერაფერს შეცვლის, რადგან ისინი მათი მოყვანილი კადრებით აავსებენ სამინისტროებს, რაშიც არ ვგულისხმობ მარტო დეპარტამენტის თავჯდომარეებს ან რიგით მოხელეებს, თვითონაც მინისტრებსაც კი. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ კოალიციური მთავრობა, მაშინაც კი, როდესაც უმრავლესობას ფლობ და ისედაც შეგიძლია მთავრობის ფორმირება, ძალზედ პროდუქტიულია, ვიდრე შენ მოყვანილი სანდო და შეიძლება პროფესიონალი კადრებისთვის მინისტრის პორტფელების დარიგება.
შეიძლება არ მოგწონდეს, ამა თუ იმ პოლიტიკოსის წარსული, მაგრამ ნებისმიერი მათგანის სწორად, სახელმწიფოსთვის ხელსაყრელად, გამოყენებაა შესაძლებელი. მთავარია იმ შეთანხმებამდე მიხვიდეთ, რომ ისინი არანაირ პოლიტიკურ თამაშებში არ ჩაებმებიან და, მხოლოდ და მხოლოდ, მათ სამინისტროს მიხედავენ. ამის იქით არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი მემარცხენე იქნება, მემარჯვენე, ავტორიტარისტი, ლიბერალი, ნაციონალისტი, რომელიმე მავნებელი პარტიის წარმომადგენელი თუ სხვა.
არ მინდა კონკრეტული მაგალითების მოყვანა, თორემ შემიძლია, საკმაოდ არაპოპულარული, ანუ ხალხში უარყოფითი დამოკუდებულების მქონე, პოლიტიკოსების ჩამოთვლა, რომელიც შეიძლება ქვეყანას გამოადგეს კარგი ხელისუფალის ხელში.
სამწუხაროდ, ამ სენს ასე მარტივად არ ეშველება, ან ეშველება რომ? სადაც ათასობით წლებია მოგვდევს.
ქართველი პოლიტიკოსები პატარა ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც სათამაშოებს ვერ იყოფენ, გულში ყველა კეთილია, მაგრამ ჭკუა არავის დაეკითხება.

Comments
Post a Comment